365-ე დღის ამბავი

ივლ 4, 2025 - 04:45
 2
365-ე დღის ამბავი

იმ დღეს არც გოლების კორიანტელი ყოფილა, არც მსაჯის საბედისწერო შეცდომა, მაგრამ მუნდიალის ერთ-ერთ ხმაურიან მატჩად კი მიიჩნევა.


ზუსტად 35 წლის წინ. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ნეაპოლში, იტალია-არგენტინა 1:1 და მერე პენალტების სერიაში 3:5. წარმოუდგენელი დაძაბულობა და დრამატიზმი.


განვლილ გზას და თამაშის ხარისხს თუ გადავხდავთ, ზედაც მასპინძლის ფაქტორსაც თუ დავუმატებდით, იტალია ფავორიტი იყო. თან აშკარა ფავორიტი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, აძელიო ვიჩინის გაწვრთნილი სკუადრა აძურა ნახევარფინალამდე გოლგაუშვებლად მივიდა, დაჰქროდა ჯოკერი სალვატორე სკილაჩი, მაგარ ფორმაში იყო თითქმის ყველა ფეხბურთელი - ვიალი-მანჩინის გარდა...


იტალიამ მანამდე ყველა მატჩი რომში ჩაატარა და ნახევარფინალი მოუწია ნეაპოლში. იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად უყვარდათ იტალიის მთავრობა და სადაც ფიქრობდნენ, რომ ჩრდილოეთ იტალიასთან შედარებით მათი უფლებები დაცული არ იყო. 


სერიოზული კრახი წინასწარ კალენდრის შედგენისას: დიდი ალბათობით, იტალია ჯგუფში პირველზე გავიდოდა (ასეც მოხდა) და ამ ბადით, შვიდივე მატჩი რომ ჩაეტარებინა, ყველა რომში უწევდა ერთის გარდა -  ნახევარფინალი ნეაპოლში. ზედმეტია იმაზე წერა, რომ იტალიის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო. 


ახლა იტყვით, რა იცოდნენ, რომ მაინცდამაინც ნეაპოლელთა სათაყვანო მარადონას არგენტინასთან ექნებოდათ ნახევარფინალიო. მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო გათვალისწინებული.


ამის შესახებ იტალიაში ბევრს საუბრობდნენ. პენალტებში წაგების შემდეგ კადრია, იტალიელთა საყრდენი ნახევარმცველი ლუიჯი დე აგოსტინი აძელიო ვიჩინის უჩვენებს ტრიბუნებზე და შემდეგ მისივე კომენტარია - აქ რატომ ვითამაშეთო?!..

მარადონამ თამაშის წინა დღეს ცეცხლზე ნავთი დაასხა ამ განცხადებით: „ნეაპოლელებო, 364 დღის განმავლობაში იტალიელები ისე გექცევიან, როგორც გან...ლს. ხვალ ყველას გაახსენდება, რომ თქვენც იტალიელები ხართ და თანადგომას გთხოვენ. არც გაიფიქროთ. მათ ერთი დღისთვის სჭირდებით, მე კი 365 დღე თქვენთან ვარ!“.


საპასუხოდ ნაპოლის ტიფოზების დიდმა ჯგუფმა ტრანსპარანტი გამოფინა: „დიეგო, გვიყვარხარ, მაგრამ იტალია ჩვენი სამშობლოა“.


თუმცა ყველა ასე არ ფიქრობდა. ყველა კი არა, თითქმის 50/50 იყო. ფაქტია, იტალიამ ტრიბუნებიდან ის მხარდაჭერა ვერ მიიღო, რასაც მანამდე მიჩვეული იყო. 


და თამაში? არგენტინამ ჩემპიონატის საუკეთესო თამაში  უდავოდ 3 ივლისს ნეაპოლში ჩაატარა. არც ამ შეხვედრაში და არც სხვა ექვსში მათ სათამაშო უპირატესობა არავისთან არ ჰქონიათ, მაგრამ ხარისხით - იტალიასთან სულ სხვა თამაში გამოუვიდათ. 


თამაში: სკუადრამ მალე გაიტანა, ჯანინი-ვიალი, დაბნეული დაცვა და სკილაჩიც იქ გაჩნდა, სადაც ჩნდებოდა ხოლმე. იტალიის მორიგი 1:0 მოგებისკენ მიდიოდა საქმე, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში ხულიო ოლარტიკოეჩეამ ჩააწოდა და კლაუდიო კანიჯამ თავით გაუტანა კარიდან გამოსულ ვალტერ ძენგას. 


ერთადერთი გაშვებული გოლი, მაგრამ ძენგას მაინც მოხვდა... იმ მომენტში შეცდა და ვერც პენალტების სერიაში გადაარჩინა გუნდი. 


ვიჩინიმ ცოტა გარისკა და რობერტო ბაჯო დაამატა თავდასხმის დუეტს. ბაჯომ მაგრად ითამაშა, მაგრამ ბრწყინავდა მეკარე სერხიო გოიკოეჩეა - როგორ მოუხსნა ცხრიანიდან ის საჯარიმოდან დარტყმული.


დამატებით დროში იტალიამ წნეხი გაზარდა. არგენტინას კი შეეძლო თამაშის მოკვლა, დროის გაყვანით და სხვადასხვა ხერხებით. თან ოსკარ რუჯერი გააძევეს და ბოლო ათი წუთი უკვე ანგარიშის შენარჩუნებაზე იყვნენ...

და კანიჯას ყვითელი? ამის გამო ფინალი გამოტოვა. 


მოვიდა პენალტების დრო. სამ-სამი დარტყმის მერე ყველა ზუსტია. მაგრამ მერე აფუჭებს იტალიელი რობერტო დონადონი. ყველასთვის საყვარელი დონადონი. იქიდან მოყოლებული სკუადრაში 17 ნომერი დანავსულად გამოცხადდა და საკმაო ხანს არავის არ სურდა ჩაეცვა. ეს სხვა ისტორიაა...


გავაგრძელოთ. გააქვს დიეგო მარადონას, თან ტექნიკურად, ცოტა დამცინავადაც კი. 4:3. მერე კი აფუჭებს ალდო სერენა და მორჩა.  

„ის დღე ერთ-ერთი უცუდესია ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავიტანე. ხშირად ახლაც ღამე მახსენდება“ - თქვა ტოტო სკილაჩიმ.


ეჰ, აღარც სკილაჩია ცოცხალი, აღარც აძელიო ვიჩინი და აღარც მაშინდელი ფეხბურთის ყველაფერი დიეგო მარადონა.