ოკლაჰომა სიტი თანდერი NBA-ის 2024/2025 წლების სეზონის გამარჯვებულია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2024/2025 წლების სეზონი დასრულდა.
დღეს გამთენიისას, სუპერფინალური სერიის მე-7 მატჩში, ოკლაჰომა სიტი თანდერმა ინდიანა პეისერსს უმასპინძლა 103:91 დაამარცხა და 1979 წლის შემდეგ, პირველად იზეიმა ჩემპიონობა. მაშინ OKC-მა (მაგ დროს ფრენჩაიზს სიეტლ სუპერსონიქსი ერქვა) სუპერფინალში ვაშინგტონ ბულეტს 4:1 აჯობა.
სანამ უშუალოდ მატჩის მიმოხილვაზე გადავალთ გეტყვით, რომ პირველი მეოთხედის შუაში ძალიან უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ინდიანას ლიდერმა, ტაირეზ ჰალიბარტონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო (99% აქილევსის მყესი გაიწყვიტა) რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებს თამაშს. რა თქმა უნდა ჰალიბარტონის ტრავმა პეისერსისთვის უდიდესი დარტყმა იყო, თუმცა ინდიანაპოლისელებმა ყურები არ ჩამოყარეს და მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
ოკლაჰომამ პირველი მეოთხედი 3 ქულით, 25:22 მოიგო. ხოლო ტაიმი 1 ქულით, 47:48 დათმო. მასპინძლებმა კომფორტული ფორა მესამე მეოთხედის ბოლოს მოიპოვეს. ოკლაჰომა გადამწყვეტ პერიოდში 13 ქულიანი უპირატესობით შევიდა, რომელიც მალევე 22-მდე გაზარდა. ინდიანამ სხვაობა 10 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეტოქეს მეტი ახლოს ვეღარ მიუახლოვდა და დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი და ფინალების MVP შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. მან დღევანდელ მატჩში 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. კანადელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. იგი გახდა მაიკლ ჯორდანის შემდეგ პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც საკუთარ გუნდს მოუტანა ჩემპიონობა, გახდა რეგულარული სეზონის MVP, გახდა ფინალების MVP და ულიდერა ლიგას ქულებში.
ასევე კარგი თამაში ჩაატარა ჩვენ მიერ ოკლაჰომას “ჯოკრად” შერაცხულმა ჯეილენ ვილიამსმა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.
ყველაფერი გააკეთა მატჩის მოსაგებად ბენედიქტ მათურინმა. ინდიანას ფორვარდმა, შეხვედრა 24 ქულით, 13 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თუმცა მისი კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა.
ასე და ამგვარად, 46 წლიანი ლოდინი დასრულდა. ოკლაჰომა სიტი თანდერი ჩემპიონია.