1.07.1976... თან ერთად, თან ცალკე!

ივლ 4, 2025 - 05:18
 3
1.07.1976... თან ერთად, თან ცალკე!

რა საინტერესოა, ისინი ერთ დღეს დაიბადნენ. დღეს ორივენი 49 წლისები გახდნენ. ორი ჰოლანდიელი: რუდ ვან ნისტელროი და პატრიკ კლუივერტი.

ჰოლანდიელი ფორვარდები, ორივე მაგარი, მაგრამ ერთმანეთთან მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ. ვან ნისტელროიმ კლუივერტი გააკრიტიკა - ფეხბურთისადმი აგდებული დამოკიდებულება აქვს, მე კი ნაკრებში როცა ჩამოვდივარ, ბოლომდე ვიხარჯებიო.

სიტუაცია დაიძაბა 2003 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ ფლეი-ოფში. ჰოლანდია-შოტლანდია. პირველი თამაში გლაზგოში იყო და ჰოლანდიამ 0:1 წააგო. მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ორივე ფორვარდი ათამაშა, მაგრამ შედეგი ნული.


ვან ნისტელროიმ დაიჩივლა: „უკან მხოლოდ მე ჩამოვდივარ და დაცვას ვეხმარები. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?“.


პატრიკმა კი მატჩის მერე განაცხადა, რუდთან თამაში მიჭირსო, თანაც თანაგუნდელებს გადასწვდა: ზოგიერთები მე პასებს არ მაძლევენ, რუდს კი ამარაგებენო.


წაგების მერე, იმავე საღამოს კლუივერტი ღამის კლუბში უნახავთ. როგორც დაიწერა, რაფაელ ვან დერ ვაარტთან ერთად.


ოთხ დღეში საპასუხო მატჩი იყო. ადვოკაატმა გარემარბებით თამაში არჩია, წინ მხოლოდ ვან ნისტელროი დააყენა და კლუივერტი სკამზე დატოვა. ჰოლანდიამ 6:0 მოიგო, რუდმა კი... სამი გოლი გაიტანა! ბოლო წუთებზე ვან ნისტელროი შეცვალეს და მის ნაცვლად სწორედ კლუივერტი შევიდა. პატრიკს სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდა...


ისე, სხვადასხვაგვარი ეტაპები ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, კლუივერტმა აიაქსში ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო და ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, იმ დროს ვან ნისტელროი დენ ბოშში თამაშობდა; თანატოლები, მაგრამ რამხელა სხვაობა იყო იმ დროს.


სამაგიეროდ, კლუივერტს 26-27 წლის მერე მაგარი თამაშები თითქმის აღარ ჰქონია, რუდი კი გაცილებით დიდხანს დარჩა მაღალ დონეზე.


გენიოსებს სჩვევიათ, რასაც კლუივერტი აკეთებდა. ისეთ გოლს გაიტანდა, ისეთი წერტილიდან, ხალხს პირი ღია რჩებოდა. სამაგიეროდ, ისეთი პოზიციიდან აცილებდა...


დღეს სად არიან? ვან ნისტელროიზე რამდენიმე დღის წინ გვეწერა, ლესტერის მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. გუნდი ხომ პრემიერლიგიდან გავარდა. კლუვერტი კი რამდენიმე თვის წინ ინდონეზიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.