ბასილაშვილმა უიმბლდონს მე-7 ჩოგანი გამოთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი წრე წარმატებით გადალახა. ჩვენი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-7 ნომერი იტალიელი ლორენცო მუსეტი იყო.
ბასილაშვილმა პირველ და ბოლო, მეოთხე სეტში ბრწყინვალედ ითამაშა. მან მეტოქე უშანსოდ სძლია 6:2 და 6:1. მეორე სეტი ჩვენებურმა 4:6 დათმო. თუმცა, მესამეში იტალიელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 7:5 მოუგო.
მეორე წრეში მეტოქე ისევ იტალიელი იქნება. ამჯერად, ბასილაშვილს 47-ე ნომრად განთესილი ლორენცო სონეგოს წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. სონეგომ პირველ წრეში სამ სეტში (6:3, 6:4, 6:2) დაამარცხა 116-ე ჩოგანი, პორტუგალიელი ხაიმე ფარია.