მსოფლიოს ჩემპიონატი მარცხით დავიწყეთ

ივლ 4, 2025 - 05:52
ივლ 4, 2025 - 05:55
 3
მსოფლიოს ჩემპიონატი მარცხით დავიწყეთ

საქართველოU20-ირლანდიაU20 28:35

საქართველოU20: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

4ლ: მარგველაშვილი, სპანდერაშვილი (2), ხელაძე.  4გ: თაყაიშვილი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდიის ნაკრებთან 28:35 წააგეს.

ირლანდიელებმა არცერთი შეცდომა გვაპატიეს. ცხადია, თვითონაც სცოდავდნენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, შანსი თითქმის ხელიდან არ გაუშვიათ. რაც მიიღეს ყველაფერი გამოიყენეს.

ჩენი გუნდი საწყისი 12 წუთის განმავლობაში თამაშში ვერაფრით ჩაერთო. მეტოქემ ამ დროის განმავლობაში თითო ლელო და საჯარიმო გაიტა  - 8:0. ანგარიშში სხვაობის შემცირება მე-15 წუთზე შევძელით. 22-მეტრიან ზონის მისადგომებთან მეტოქის ხაზი მიხეილ შიოშვილმა გაჭრა და ლელოსთან ახლოს მივიდა. იქ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად გამოვიტანეთ და ქართული ლელოების ანგარიში მეორეხაზელმა გაგი მარგველაშვილმა გახსნა. ლუკა თაყაიშვილმა გარდასახა -7:8.

ეს იყო მეტ-ნაკლებად დალაგებული შეტევა, რამაც ლელო მოგვიტანა. არადა, სულ ოთხი გავიტანეთ. ორჯერ ცხრა ნომერმა გიორგი სპანდერაშვილმა იყოჩაღა. საჯარიმო ორივეჯერ სწრაფად გაათამაშა და მეტოქე ორჯერ დაალელოვა.

ბოლო მეოთხე ლელო უკვე გაწითლებულ დროზე მივითვალეთ, როცა 21:35 ვაგებდით. საჯარიმო აუტში გადავიტანეთ და, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ისე გავათამაშეთ. დერეფანი, მოლი, მძლავრი მიწოლა და შერკინების კვაჭის შოთა ხელაძის ლელო. თაყაიშვილმა ესეც გარდასახა და რადგან 8 ქულაზე ნაკლები წავაგეთ, თანაც მეტოქეს ოთხი ლელო გავუტანეთ, ორი საპრემიო ქულა მივიღეთ.