NBA-ის სუპერფინალში გადამწყვეტი მატჩი გველოდება

ივლ 4, 2025 - 05:33
 0
NBA-ის სუპერფინალში გადამწყვეტი მატჩი გველოდება

დღეს გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში სერიის მე-6 მატჩი გაიმართა.

ინდიანა პეისერსმა ოკლაჰომა სიტი თანდერი 108:91 დაამარცხა და საერთო ჯამში ანგარიში გაათანაბრა, 3:3.

მატჩი თავიდანვე მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. პეისერსმა ძალიან მაგარი მეორე მეოთხედი ჩაატარა და შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდა, 64:42. გადამწყვეტი პერიოდის წინ, ინდიანა მეტოქეს 30 ქულითაც ჯობნიდა. საბოლოო ჯამში გეინბრიჯზე შეკრებილმა ქომაგმა საკუთარი გუნდის დომინანტური გამარჯვება იხილა.

პეისერსის რიგებში 16 ქულით, 13 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით პასკალ სიაკამი გამოირჩა. 20 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ობი ტოპინს.

ოკლაჰომადან 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა შაი გილჯეს ალექსანდერმა.

NBA-ის 2024/2025 წლების ჩემპიონს 23 ივნისს, ოკლაჰომაში შევიტყობთ. წინ, ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველოდება, რომლისგანაც არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სუპერფინალურ ეტაპზე GAME 7-ის ჩატარება 9 წლის შემდეგ პირველად გახდა საჭირო. 2015/2016 წლების სეზონში ჩვენ კლივლენდ კავალიერსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის ისტორიული დაპირისპირება ვიხილეთ.