დი გრეგორიოს გმირობამ იუვენტუსს ვერ უშველა - რეალი მეოთხედფინალშია

ივლ 4, 2025 - 05:15
 4
დი გრეგორიოს გმირობამ იუვენტუსს ვერ უშველა - რეალი მეოთხედფინალშია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ერთმანეთს ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ.

სამეფო კლუბმა მატჩი 1:0 მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე დორტმუნდსა და მონტერეის შორის უკეთესს დაუპირისპირდებიან.

სანამ უშუალოდ მატჩის მიმოხილვაზე გადავალთ გეტყვით, რომ ტურინელთა მეკარემ მიკელ დი გრეგორიომ ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა და შეხვედრა 10 სეივით დაასრულა.

ანგარიშის გახსნა, თამაშის სტარტზევე ტურინელებს შეეძლოთ. რანდალ კოლო მუანი ტიბო კურტუასთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ფრანგმა გატანა ვერ შეძლო. მე-11 წუთზე ქენან ილდიზი იყო ლამაზ გოლთან ახლოს, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. მადრიდელებმა პირველი რეალური შანსი 30-ე წუთზე მიიღეს. ფედერიკო ვალვერდემ მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლი პასი გააკეთა, რომელსაც ჯუდ ბელინგემი გამოეხმაურა და ერთი შეხებით კარში დაარტყა. ჯუდის დარტყმული დი გრეგორიომ მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს, ვალვერდემ შორიდან საფირმო გასროლაც შემოგვთავაზა, ამჯერადაც გამარჯვებული იტალიელი მეკარე აღმოჩნდა.

მეორე ნახევარი რეალის შეტევებით დაიწყო. ბელინგემმა საჯარიმოში ვალვერდეს კარგი პასი მისცა, ურუგვაელმა კი მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 53-ე წუთზე ჯუდი თვითონ ცდილობდა გატანას, მაგრამ დი გრეგორიო კვლავ კარგი იყო.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გონსალო გარსიამ გახსნა. 21 წლის ესპანელმა ფორვარდმა, მიმდინარე ტურნირზე უკვე მესამე გოლი გაიტანა.

მე-60 წუთზე საქმეში ისევ დი გრეგორიო ჩაერთო. ვალვერდეს აკრობატული დარტყმის შემდეგ, ბურთი კარისკენ რიკოშეტით წავიდა, მაგრამ ტურინელთა კარის დარაჯის წყალობით ტაბლოზე ისევ 1:0 დარჩა.

72-ე წუთზე ვინისიუს ჯუნიორის - კილიან მბაპეს - ფედე ვალვერდეს გათამაშებულ კომბინაციას არდა გიულერი ასრულებდა, თუმცა იტალიელმა მეკარემ მორიგი სეივი ჩაიწერა აქტივში.

ასე და ამგვარად, ჩაბი ალონსო რეალთან ერთად პირველი ტიტულისკენ სვლას განაგრძობს.