ქუთაისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

ივლ 4, 2025 - 05:29
 1
ქუთაისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

დღეს, შვეიცარიაში საკალათბურო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას საქართველოს სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისი იღებდა.

ქუთაისის მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიის ჩემპიონი ბაკენ ბეარსი იქნება. მატჩები სექტემბრის ბოლოს გაიმართება. (კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია)


ქართველ კალათბურთელებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად 3 ეტაპის გავლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თსუ-ს 0:2-დან მოუგო და ისტორია გადაწერა. აქამდე ასეთი რამ, შორეულ წარსულში მხოლოდ საკალათბურთო კლუბ ვითას ჰქონდა გაკეთებული ზურაბ ტომარაძის ხელმძღვანელებოთ.

ცოტა რამ ჩვენ პირველ მეტოქეზეც - ბაკენ ბეარსმა დანიის ჩემპიონატის 2024/2025 წლების რეგულარული გათამაშება მე-4 ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-3 ადგილით დაკმაყოფილდა, ხოლო პლეი ოფში ნამდვილად ბრწყინვალედ იასპარეზა. 1/2 ფინალში, მათ ჰორსენი სერიაში 3:0 დაამარცხეს, ხოლო ფინალში სვენდბორგს აჯობეს 3:1.

ასე და ამგვარად, ბაკენ ბეარსი ადვილი მეტოქე ნამდვილად არ იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული, შემდეგ ეტაპზე დენ ბოსხსა (ნიდერლანდები) და ტრეპჩას (კოსოვო) შორის უკეთესს დაუპირისპირდება.